ბუკინგემის სასახლის საგამოფენო დარბაზში ლეონარდო და ვინჩის 87 ნამუშევრის გამოფენა მიმდინარეობს.
ის შვიდ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჩანახატები ადამიანის ანატომიას დეტალურად ასახავს.
აღორძინების დროის დიდი იტალიელი მხატვრისა და გამომგონებლის ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ ყველას სმენია, თუმცა გამოფენა, სახელწოდებით “ანატომისტი ლეონარდო და ვინჩი”, რომელიც ლონდონში, სამეფო დარბაზში იხსნება, ხელოვნებათმცოდნეებისთვის დიდი აღმოჩენაა - ფანქარში შესრულებული ნამუშევრები ხელოვანის სამეცნიერო ძიებებს გვიჩვენებს. წითელი ცარცით შესრულებული ბავშვი ემბრიონის პოზაში და ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილების დეტალური გრაფიკული პორტრეტები ცხადყოფს, რომ და ვინჩი მათზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ეს ნაშრომები ხელოვანის ცხოვრებაში არასდროს გამოფენილა და მეცნიერებმა ისინი მხოლოდ 1900 წელს აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ ისინი 1690 წლიდან დიდი ბრიტანეთის მონარქის სამეფო კოლექციაში ინახებოდა.
ასევე ცნობილია, რომ და ვინჩი ადამიანის ანატომიას ხშირად საკუთარ თავზე დაკვირვებით წლების განმავლობაში სწავლობდა. ბუკინგემის სასახლის საგამოფენო დარბაზის კურატორი მარტინ კლეიტონი “როიტერთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ნამუშევრები, ისევე როგორც და ვინჩის მფრინავი მანქანა და წყალქვეშა გემი, ხშირად დიდი ხელოვანის ჰობიდ მიიჩნეოდა, თუმცა აღნიშნული გამოფენა მას მეცნიერებაში ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს.
“ლეონარდო და ვინჩი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ადამიანის ანატომიის შესწავლის სფეროში. ამ ექსპოზიციის შემდეგ თანამედროვე მეცნიერები მას გალილეოსა და ნიუტონის გვერდით მოიხსენიებენ. ეს ნამუშევრები უაღრესად სერიოზული, საოცრად დეტალური და ძალიან მნიშვნელოვანია.” - აღნიშნავს კლეიტონი.
გამოფენაზე წარმოდგენილ ტილოებს შორისაა ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის შავი და წითელი ცარცით შესრულებული უძველესი გრაფიკული სურათები, რომლებზეც და ვინჩის თითის ანაბეჭდები ჯერ კიდევ შესამჩნევია. კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფრანცის უელი “როიტერთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს უძველესი ნაშრომები თანამედროვე მედიცინისთვის საოცრად დროული და დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
“როდესაც ამ ნამუშევრებს უყურებ, ძნელია დაიჯერო, რომ ისინი ხუთასი წლის წინ შეიქმნა. ნახატებს თან ერთვის მინაწერები და განმარტებები, რომლებიც დღესაც კი, თანამედროვე მეცნიერებისთვის ძალიან ბევრის მთქმელი და გამოსადეგია,” - ამბობს უელი.
ინგლისური ონლაინ-გაზეთი “გარდიანი” გამოფენის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს, სადაც ნათქვამია, რომ უკვე დაიწყო დავა და ვინჩისთვის არაოფიციალური სტატუსის მისანიჭებლად - სამეფო დარბაზში აცხადებენ, რომ ის უდავოდ მეცნიერი იყო, ხოლო ეროვნული გალერეის ხელოვნებათმცოდნეები მიიჩნევენ, რომ მისი როლი ხელოვნებაში გაცილებით დიდია. ასეა თუ ისე, ერთ ფაქტზე ყველა თანხმდება - გამოფენა, რომელიც ბუკინგემის სასახლეში მზადდება, ლეონარდო და ვინჩის სამეცნიერო აღმოჩენების დიდ მნიშვნელობას ისე წარმოაჩენს, როგორც აქამდე გამართული არცერთი სხვა გამოფენა.
ინფორაცია მოძიებულია : ჯურნალ 24 საათი
Комментариев нет:
Отправить комментарий